„მენეჯერის პროფესია ძალიან ჰგავს ჭადრაკის თამაშს“… – როგორ შევცვალოთ ცხოვრება 30 წლის ასაკში?

ჯერ მხოლოდ 28 წლისაა, მაგრამ ორ წელიწადში ცხოვრების არსებითად შეცვლას გეგმავს… ყველაფერი კი მუსიკით დაიწყო. წარმატებული მევიოლინე უამრავ კონცერტზე გამოსულა… თუმცა, პარალელურად, ბიზნესი და ინოვაციებიც აინტერესებდა… და კავკასიის ბიზნესის სკოლა ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის განხრით დაამთავრა. ამბობს, რომ ბიზნესსკოლამ დროის მართვა, მრავალმხრივი ამოცანების სწრაფი და სწორი გადაწყვეტა, ინოვაციების შექმნის, წარმატებისკენ დაჟინებული ბრძოლისკენ სწრაფვა ასწავლა… ადამიანის გონებისთვის […]
02.10.2019

ჯერ მხოლოდ 28 წლისაა, მაგრამ ორ წელიწადში ცხოვრების არსებითად შეცვლას გეგმავს… ყველაფერი კი მუსიკით დაიწყო. წარმატებული მევიოლინე უამრავ კონცერტზე გამოსულა… თუმცა, პარალელურად, ბიზნესი და ინოვაციებიც აინტერესებდა… და კავკასიის ბიზნესის სკოლა ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის განხრით დაამთავრა. ამბობს, რომ ბიზნესსკოლამ დროის მართვა, მრავალმხრივი ამოცანების სწრაფი და სწორი გადაწყვეტა, ინოვაციების შექმნის, წარმატებისკენ დაჟინებული ბრძოლისკენ სწრაფვა ასწავლა…
ადამიანის გონებისთვის შეუძლებელი არაფერია. მხოლოდ ინდივიდუალური, განსხვავებული, ახალი გზები ქმნის ინოვაციებს და მასშტაბურ შედეგებს. – Management Consulting Investment-ის დირექტორის, ქეთევან ასანიძის პერსონა.

– 2006 დავამთავრე მუსიკალური, შანიძის სახელობის, მე -20 საორკესტრო ხელოვნების სკოლა ვიოლინოს განხრით. 2010 წელს კი – ფალიაშვილის სახელობის მე-2 მუსიკალური ტექნიკუმი. აქტიური მევიოლინე ვიყავი და არ მაშინებდა ასაკისთვის შეუსაბამო რთული კლასიკური ნაწარმოებებიც კი. ძალიან ბევრ კონცერტსა და კონკურსში მივიღე მონაწილეობა.
ვთვლი, რომ ძალიან ბედნიერი წლები იყო ჩემს ცხოვრებაში. მაინტერესებდა: ხელოვნება, ბიზნესი, მენეჯმენტი, მათემატიკა, ეკონომიკა, ინოვაციები, ტექნოლოგიები…
– მუსიკალური სკოლა დაამთავრეთ ვიოლინოს განხრით… რატომ მაინცდამაინც ვიოლინო?
– ვიოლინო ძალიან ახლოსაა ადამიანის სულთან, რადგან უშუალოდ ეხები სიმებს, გადმოსცემ შენს ემოციას და ელაპარაკები აუდიტორიას. მისი საშუალებით შეგიძლია, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნოტებით, შენი ემოციის და ხედვის საფუძველზე, ინდივიდუალური ნახატი შექმნა, რომელსაც ისეთივე მუხტი ექნება, როგორიც შესრულების დღეს ხარ. ეს ემოციები ყოველდღიურად იცვლება.
– მეორე სპეციალობაც გაქვთ – კავკასიის ბიზნესის სკოლა. როგორც მუსიკოსი, უამრავ კონცერტზე გამოდიოდით, რატომ დაუკავშირეთ ბედი ბიზნესს, როცა მუსიკაში შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყავი?
– იყო გარდატეხის მომენტი, როდესაც მივხვდი, როცა მობილიზებული ხარ, შენს ცხოვრებაში შექმნა მაღალი – უნიკალური ღირებულებები, მრავალ დარგში უნდა იყო გამოცდილი. შემდეგ უკვე მნიშვნელობა არა აქვს, რომელ დარგში გამოხატავ შენს ნიჭს. მიზანი ერთია.
– რით იყო გამორჩეული სტუდენტობა და რა შეგძინათ სწავლის პერიოდმა?
– 2015 წელს დავამთარე კავკასიის ბიზნესის სკოლა ბიზნესის ადმინისტრირება- მენეჯმენტის განხრით ინგლისურ ენაზე. თუმცა მარკეტინგს, ფინანსებს, გაყიდვებს შესაბამის დონეზე ვფლობ. ესეც ძალიან წარმატებული წლები იყო. ლექციებს მიკითხავდნენ სხვადასხვა ბიზნესსკოლიდან მოწვეული საერთაშორისო დონის ლექტორები. მათგან ბევრი ამბობდა, რომ ჩემს პერსონაში იყო განსხვავებული, უცხო მუხტი და აუცილებლად შევქმნიდი სიახლეს მსოფლიო ბაზარზე.
ინტენსიური იყო ჰარვარდის ბიზნესსკოლის ქეისების და ხედვის გაზიარება.
ბიზნესსკოლამ დიდი პრაქტიკა და კვალიფიკაცია მომცა: დროის მართვის, მრავალმხრივი ამოცანების სწრაფი და სწორი გადაწყვეტის, ინოვაციების შექმნის, წარმატებისკენ დაჟინებული ბრძოლის, თანამედროვე ბიზნესის პრაქტიკული და თეორიული ქეისების გადაწყვეტის, ლიდერობის სტრატეგიული და ოპერაციული ხედვის, ხალხის მოტივაციის, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის.
– წარმატებულად სწავლობდით და აღუნიშნავთ კიდეც ლექტორებს, თქვენს პერსონაში რაღაც განსხვავებული მუხტი… რა თვისებებია საჭირო წარმატებული მენეჯმენტისთვის?
– ჩემი აზრით: საქმის მიმართ უდიდესი სიყვარული, ცოდნა, კვალიფიკაცია, პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, გამბედაობა, შეუპოვრობა, მიზანდასახულობა, ცოტა სიჯიუტეც, პატიოსნება, დადებითი ენერგია, ცვლილების მართვის და რისკის აღების უნარი, კარგი გუნდის ჩამოყალიბების – მოზიდვის უნარი, გაურკვეველი სიტუაციების მართვის, კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, საქმიანობაში ინდივიდუალური შტრიხების შექმნის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარები, განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა.
კომუნიკაბელურობა, სოციალურობა, დაბალანსებული ხასიათი. ერთდროულად ბევრი ამოცანის მართვის უნარი.
შეგრძნება, რომ გუნდში ყველა თანაბარია, ემოციური ინტელექტის მაღალი დონე, ადამიანების შეცნობისა და გაერთიანების უნარი, სამართლიანობა, ალტერნატიული ღირებულების შეფასების უნარი, ადამიანების მოტივაციის უნარი.
– ბიზნესის პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით რა ვითარებაა ბოლო წლების საქართველოში და რა აფერხებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას?
– საქართველო ბიზნესის კეთების საერთაშორისო მაჩვენებლით ბოლო ორი წლის მანძილზე 24-ე ადგილს იკავებს, რაც კავკასიის რეგიონში მას ყველაზე ნაკლებ ბიუროკრატიულ ქვეყანად ხდის. ბოლო წლებში მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც, ძირითადად, მიმართულია ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, უძრავი ქონებისა და წარმოების სექტორებისადმი, მომსახურების სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას, ფაქტობრივად, არ იძლევა. ეს უკანასკნელი კი საქართველოში არსებულ ბიზნესთა უმრავლესობას წარმოადგენს. კაპიტალის უკმარისობა მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აფერხებს.
დღეს ქვეყანაში არსებულ ბიზნესში სხვადასხვა ტიპის სირთულე გვხვდება: ხშირად არ არსებობს მკაფიო, კონკრეტული მიზნები და განვითარების სტრატეგიული გეგმა. ამგვარად, იგი ინერციით ფუნქციონირებს. შესაძლოა, პრობლემა კომპანიის შიგნით კვალიფიციური კადრების და ლიდერების არარსებობა, მენეჯერული სტრუქტურის გაუმართავობა და ფუნქცია-მოვალეობების არაეფექტურად განაწილება იყოს, რაც კადრების არალოიალობაზე, კონტროლისა და მოტივაციის სისტემების წარუმატებლობაზე აისახება. განსაკუთრებით საკადრო პოლიტიკა არის გაუმართავი, ვინაიდან ბევრ კომპანიაში შიგნითვე ჰყავთ პროფესიონალი კადრები, რომლებსაც ვერ ამჩნევენ.
კომპანიები, ძირითადად, ინვესტიციას აბანდებენ მატერიალურ აქტივში, არადა, არამატერიალურ აქტივს მოაქვს მეტი მოგება გრძელვადიან პერიოდში. ბიზნესის წარმართვისას არსებობს ფინანსური მენეჯმენტის გაუმართავობაც, რაც მომგებიანობას ამცირებს: არ ხდება ბუღალტერიისა და ფინანსების გამიჯვნა, ხარვეზებია ფინანსური თვითღირებულების დათვლის დროს, არასწორია ფასწარმოქმნა, რაც იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას და დაბალ მოგებას. ამ პრობლემათაგან ბევრი ფარულია და კომპანიის წინსვლას აფერხებს, მიზეზი კი აუხსნელი რჩება ბიზნესის მფლობელებისთვის. გაყიდვებში არ არსებობს კომპლექსური სისტემა, რომელიც მრავალ არხს გაუხსნიდა კომპანიებს.
მიმაჩნია, რომ ყველა ტიპის ბიზნესი შესაძლებელია გახდეს წარმატებული და მომგებიანი, თუკი მართვა სწორი იქნება.
– როგორ შეიქმნა თქვენი კომპანია Management Consulting Investment და რა წარმატებები გაქვთ?
– MBA- ს დასრულების შემდგომ მქონდა მრავალი შემოთავაზება საერთაშორისო ბაზარზე მენეჯერულ პოზიციებზე. თუმცა ძალიან ავიტაცე ჩემი ლექტორის – გიორგი ჭავჭავაძის ბიზნესიდეა: საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანიის შექმნა, რომელიც მიაწოდებდა ბაზარს სრულ ბიზნესსერვისებს: მენეჯმენტის, მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსების, ვებდეველოპმენტის, საინვესტიციო პორტფელების მართვის მიმართულებით. არ დაგვიწყია ბაზრის კვლევით, უბრალოდ, გავაანალიზეთ, რომ კომპანიებს სჭირდებოდათ განვითარება და მცირე დროში აუთსორსინგზე გაიტანდნენ დეპარტამენტების მართვას ან სრულად ბიზნესებს.
ასე დავიწყეთ 2012 წელს. სახელწოდებაც დაერქვა ასე: Management Consulting Investment.
– MCI Group-ის ინოვაციური მიდგომები საერთაშორისოდ არის აღიარებული. ის 2015 წელს გაბრიელ-ალ-სალემის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა…
– როგორც MCI Group-ის დირექტორი და უკვე პარტნიორი, ვიტყოდი: ჩვენი კომპანიის უნიკალურობა არის ის, რომ იგი სააქციო საზოგადოება გახდება და წილში შეიყვანს საუკეთესო თანამშრომლებს. აქ არავინ არის დასაქმებული, ისინი პოტენციური პარტნიორები არიან. კომპანიას ძალიან კარგი მენეჯერების გუნდი ჰყავს. მათ ნებისმიერი სირთულის და ტიპის ბიზნესის მართვა შეუძლიათ.
დღეს MCI group-ი უკვე ცნობილი და მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე, აქვს საერთაშორისო კონტრაქტებიც. პორტფელში აქვს ბევრი გიგანტი კომპანიის მენეჯმენტი. ვსარგებლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადაფინანსების პროგრამით, რომელიც საკონსულტაციო სერვისების გარკვეულ ღირებულებას უფინანსებს ჩვენს პარტნიორ კომპანიებს.
MCI Group-ის ინოვაციური მიდგომები საერთაშორისოდ არის აღიარებული: იგი 2015 წელს გაბრიელ-ალ-სალემის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა საკონსულტაციო პროექტის საუკეთესო შესრულებისთვის.
MCI Group-ის გამოცდილებით, ბიზნესში ფარული პრობლემების შესწავლა ანუ ბიზნესდიაგნოსტიკა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება საქართველოს ბაზარზე ყველაზე აქტუალური მომსახურებაა. იგი რამდენიმე კვირაში კომპანიის შიდა მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, განვითარების ახალ მიმართულებებს გამოკვეთს, კრიტიკულ საკითხებს გამოავლენს და ალტერნატივებს შეიმუშავებს. ამგვარმა მომსახურებამ ცნობადობა, გაყიდვები და მომგებიანობა გაუზარდა ბაზარზე მოქმედ არაერთ კომპანიას.
– როგორც MCI Group–ის დირექტორს, სათანადო გამოცდილება უკვე გაქვს ბიზნესში. სიახლის შექმნა მსოფლიო ბაზარზე… – რა არის საჭირო ამისთვის?
– მუდმივი განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, ბაზრის ანალიზი, მარკეტინგული ხედვა – მარკეტინგში არ არსებობს ძვირი ან იაფი. ფასი, რომელსაც მეწარმე ადებს თავად განსაზღვრავს პროდუქტს. ბაზრის ახალი საჭიროებების გამოვლენა – ვფიქრობ, შეიძლება, მოთხოვნას მოერგო და მიაწოდო, ანუ გაყიდო პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი საჭიროებს. 
მეორე მხრივ კი, ისეთი განსხვავებული პროდუქტი შექმნა, რომელიც მოთხოვნას თვითონვე შექმნის, თავის თავს გაყიდის. ანუ ისეთი პროდუქტი შეიმუშავო, რომ მოთხოვნა შექმნა მასზე და მომხმარებლის რიგები დააყენო. ეს არის სწორედ უნიკალური ნიჭიერება მარკეტინგში.
ამიტომ, ჩემი აზრით, ადამიანი სულ უნდა ფიქრობდეს, რა შეცვალოს, როგორ შექმნას მეტი ღირებულება, ვიდრე ქმნიდა. ადამიანის გონებისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის.
საინტერესო არ არის კონკურენტებთან ბრძოლის გაჩაღება, ანდა მათი სტრატეგიის გამეორება. მხოლოდ ინდივიდუალური, განსხვავებული, ახალი გზები ქმნის ინოვაციებს და მასშტაბურ შედეგებს. ამ შემთხვევაში ბაზრის სრულიად ახალ ნიშას იკავებ.
– ქალი-ბიზნესმენი, – ამერიკაში ბიზნესის მესამედს უკვე ქალები ფლობენ. როგორ წარმოგიდგენიათ ქალი ბიზნესში, რომელსაც ოჯახშიც უამრავი საქმე ელოდება?
– ვფიქრობ, დროის სწორად მართვის შემთხვევაში ორივეს იდეალურად შეუთავსებს ადამიანი. წარმატება ნიშნავს, ყველა ასპექტში მიაღწიო მწვერვალებს.
– თქვენი ჰობი და პროფესია – ხელოვნება და ბიზნესი ერთმანეთს ემთხვევა. თუ აპირებთ ხელოვნებაში გზის გაგრძელებას?
– ზემოთაც აღვნიშნე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა დარგში გამოხატავს ადამიანი თავის ნიჭს. ვფიქრობ, ხელოვნებას ისევ ვაგრძელებ.
– როგორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი?
– კარგ მენეჯერს აუცილებლად ჰყავს ირგვლივ საუკეთესო თანამშრომლებისა და პარტნიორი კომპანიების გუნდი.
იგი აკომპლექტებს და ამოტივირებს განსხვავებული უნარების მქონე თანამშრომლების გუნდს. ავითარებს მათ ტალანტებს ინტენსიურად, რა მიმართულებაშიც ისინი ყველაზე ნიჭიერები არიან.
დღეს ძალა გუნდშია… როდესაც ქმნი გუნდს, სადაც ყველა ლიდერია სხვადასხვა მიმართულებაში, მაშინ იქმნება დიდი ღირებულება ბიზნესში და კომპანია წარმატებული ხდება. სწორედ ამ ღირებულების გარდაქმნა ხდება ფულად.
რაც შეეხება პარტნიორ კომპანიებს, მენეჯერი გეგმავს, როგორი ტიპის სეგმენტზე გააკეთოს პოზიციონირება და ვინ მოიზიდოს თავის გარშემო. მომხმარებლების არჩევა უნდა განახორციელოს იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ განავითარებს მას, ანუ სტრატეგიულად და ოპერაციულად რა ტიპის განვითარებას გეგმავს და როგორი სეგმენტის კომპანიები მოუტანენ ამ შედეგს. მენეჯერი უნდა მოქმედებდეს მოგება-მოგების პრინციპით.
მენეჯერს უნდა შეეძლოს კადრების სწორად შეცნობა და ეძებდეს თანამოაზრეებს. უნდა იყოს ფიქრის დროს ღრმა, მაგრამ მოქმედების დროს ძალიან მსუბუქი, მოქნილი. 
იყოს თანამედროვე აზროვნების და ადვილად აჰყვეს ბაზრის მიმდინარე ცვლილებებს. შეეძლოს მთელი ბიზნესპროცესების ოპერაციული ციკლის გადაბმულობის უზრუნველყოფა, ფინანსურ რესურსებს ანაწილებდეს ოპტიმალურად. ალაგებდეს პრიორიტეტებს სწორად და ჰქონდეს სისტემური ხედვა. იყოს ორიგინალური გადაწყვეტილებებში და არ მოქმედებდეს სწორხაზოვნად, ზოგჯერ აუცილებელია რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. გუნდის წევრებს აძლევდეს აზროვნების თავისუფლებას და სწორ დელეგირებას. დამსახურების შემთხვევაში, აძლიერებდეს თანამშრომლის ავტორიტეტს, დაუმსახურებლობის შემთხვევაში, მერყეობის გარეშე, აქვეითებდეს. მნიშვნელოვანია თანაგუნდელებისთვის შესაძლებლობების ზრდა და ეტაპობრივად მათთვის ტრამპლინების შექმნა.
მენეჯერის პროფესია ძალიან ჰგავს ჭადრაკის თამაშს, სადაც, თუ სწორად არ გადაადგილდა ყველა ფიგურა, თამაშს ვერ მოიგებ.
– სავალუტო ცვლილებების ფონზე სამომავლოდ საქართველოს ბაზარზე ბიზნესკონსულტაციის აქტუალობა რამდენად არის შესაძლებელი?
– სავალუტო ცვლილებების, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების, ჩინეთის „აბრეშუმის გზის“ ინიციატივისა და მზარდი კონკურენციის პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ბაზარზე ბიზნესკონსულტაციის აქტუალურობისა და სარგებლიანობის გაზრდა ივარაუდება. კომპანიებს რისკებისგან თავის დასაცავად დროული ფინანსური გათვლები და მომზადება სჭირდებათ.
– საქართველოში ბიზნესფაქტორები გამუდმებით იცვლება. შესაბამისად, ალბათ, უნდა შეიცვალოს მიდგომები და სტრატეგიაც…. ეს ცვალებადობა, ბუნებრივია, დარტყმას აყენებს ბიზნესს…
– საქართველოში ბიზნესფაქტორები გამუდმებით იცვლება. ის მიდგომები და სტრატეგია, რომელსაც კომპანიები რამდენიმე წლის წინ წარმატებით იყენებდნენ, დღეს ცვლილებას – გარემოსთან ადაპტირებას მოითხოვს.
ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, კონკურენცია მზარდი და მძაფრია. 
ბაზარზე რჩებიან ის მოთამაშეები, რომელთა სტრატეგია და მარკეტინგი სიცოცხლისუნარიანია, უძლებს წლებს.
მსოფლიო ბაზარი ვითარდება და რიგ შემთხვევებში ის, რაც საქართველოს ბაზრისთვის ახალია და გამოწვევაა, განვითარებული ქვეყნებისთვის უკვე დაძლეული სირთულეებია, შესაბამისად ვფიქრობ, მათი გამოცდილების და ახალი იდეების, მიდგომების სინთეზით ყველა დარტყმის სათანადოდ მიღება და დაძლევა შესაძლებელია.
– რამდენად ეხმარება ბიზნესს წარმატებაში ბიზნესკონსულტაცია, რომელიც დამკვიდრებული პრაქტიკაა ევროპასა და ამერიკაში?
– განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი პრობლემების გადალახვას და განვითარების დაგეგმვას მხოლოდ შიდა რესურსების მობილიზებით ცდილობს.
თუმცა, არსებობს სხვა გამოსავალიც – ბიზნესკონსულტაცია, პრაქტიკა, რომელიც აშშ-ში, ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის მრავალ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. იგი ბიზნესის პრობლემების შესწავლის და გამოსავლის ძიების, ან სულაც, ახალი პოტენციალის გამოვლენის, სტრატეგიის, ხედვების შემუშავების საშუალებას იძლევა. ბიზნესკონსულტაციის საშუალებით კომპანია ობიექტურად აფასებს თავის მდგომარეობას, შესაძლებლობებს და იზიარებს ბაზარზე არსებულ გამოცდილებას.
აუთსორსინგზე მართვის უპირატესობები არის შემდეგი:
პროფესიონალების გუნდი, გამოცდილება- განხორციელებული მრავალპროფილიანი პროექტები. კომპანია ფოკუსირდება თავის ძირითად საქმიანობაზე და აუთსორსზე გააქვს სხვა დეპარტამენტების მართვა. ეს ამცირებს რისკებს, ზრდის შესრულების ხარისხს, სისწრაფეს, ეფექტურობას. საკონსულტაციო კომპანია ფლობს სტრატეგიულ ინფორმაციას ყველა ბიზნესბაზარზე, სადაც ოპერირებს; მისი შესვლა იწვევს მართული კომპანიის კომფორტის ზონიდან გამოსვლას.
– ოცნება?
– ჩემი ოცნებაა, 30 წლის ასაკში ვიყო მილიონერი. საქმე არ არის მხოლოდ ფულში, სურვილი მაქვს, მაღალი ღირებულება შევუქმნა სამყაროს, რომელიც ინფრასტრუქტურას განავითარებს და ეკონომიკურ დოვლათს მოიტანს.
მინდა, ისეთი მაღალტექნოლოგიურად მოწყობილი ფილიალები ჰქონდეს კომპანიას, რომ ღილაკებით ხდებოდეს ბიზნესპროცესების მართვა, რობოტები ასრულებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს. ადამიანები მუშაობდნენ მხოლოდ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე.
ხალხი და მათი რესურსები ყველაზე მთავარია ჩემს ცხოვრებაში. წრე, სადაც ვიარსებებ, მინდა ბედნიერი და წარმატებული ადამიანებისგან შედგებოდეს.

 

წყაროkvira.ge

მსგავსი სიახლეები

Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია". ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში....

ონლაინ კონფერენცია: ხარისხის მართვა ჯანდაცვის სექტორში

MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე...

შორსმჭვრეტელი მენეჯერები და „ინდუსტრია 5.0“

შორსმჭვრეტელი მენეჯერები და „ინდუსტრია 5.0“ ონლაინი ჩვენთვის ყველასთვის უკვე ყოველდღიურობაა. იმ პირობებში, როცა ჩვენ – ყველას პანდემიის გამო გვიწევს ნაკლები კომუნიკაცია პირისპირ, ჩვენი გონება იწყებს სხვაგვარად ფიქრს, ეჩვევა აზროვნების სხვაგვარ ფორმატს – კერძოდ, როგორ...