უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება საშიშროებას უქმნის ადამიანურ სამუშაო ძალას. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამუშაოების 57 პროცენტი მომავალ 20 წელიწადში ავტომატიზირებული გახდება. როგორ შეუძლიათ ადამიანებს მოერგონ ამ ცვლილებებს და კომპიუტერებზე ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ? ალბათ უფრო ისეთ ადამიანურ თვისებაზე კონცენტრირებით, რომელიც უცხოა ხელოვნური ინტელექტისათვის: ეს არის ცნობისმოყვარეობა.
SurveyMonkey-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, დამსაქმებლების უმეტესობა დაქვემდებარებულების ცნობისმოყვარეობას დიდად არ აფასებს, თუმცა მას, ვინც ამ თვისების მნიშვნელობას კარგად ათვითცნობიერებს, სამომავლოდ ბიზნესის წარმატების ბევრად უფრო მეტი შანსი აქვს.
დიდი დაყოფა
SurveyMonkey-ს კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბევრი კომპანიის ლიდერის აზრით, საკუთარი საქმიანობის წარმატების საიდუმლო მათ ცნობისმოყვარეობაშია. ამერიკელი ბიზნეს-ლიდერების თითქმის ნახევარი (49 პროცენტი) თვლის, რომ ცნობისმოყვარეობა პირდაპირ კავშირშია ფულის შოვნის უნართან. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ კარიერული კიბის შედარებით უფრო დაბალ საფეხურებზე მყოფი ადამიანების მხოლოდ 22 პროცენტი იზიარებ ამ აზრს.
საინტერესოა, რომ კომპანიების ლიდერების მხოლოდ მცირედი რაოდენობა იღებს შთაგონებას ერთმანეთისაგან. ბიზნესის ლიდერების 17 პროცენტის ინსპირაციის წყაროს თავიანთი კოლეგები წარმოადგენენ, ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, რადგანაც უმცროსი მენეჯერების მთელი 31 პროცენტი თვლის, რომ ისინი შთაგონებულნი არიან მათ კარიერულ დონეზე მყოფი სხვა ადამიანებისაგან.
როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავიგოთ? რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ უმცროსმა მენეჯერებმა ფინანსური სარგებელი ცნობისმოყვარეობის უნარს დაუკავშირონ და როგორ შეუძლიათ კომპანიის ლიდერებს გაიზიარონ ის შთაგონება, რაც მათ დაქვემდებარებულებს უკვე აქვთ?
ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტული კომპანია როგორ აღიქვამს შეკითხვებს. სხვადასხვა კომპანიებში მომუშავე ადამიანების 30 პროცენტი ამბობს, რომ ისინი შეკითხვებზე გულახდილ პასუხებს ვერ იღებენ; მათგან 28 პროცენტს ეშინია არაერთგვაროვანი რეაქციების და იმის, რომ გარშემომყოფნი მათ სულელებად აღიქვამენ; ხოლო მილენიალების 42 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღიქვამენ მათ დამსაქმებლები შეკითხვის დასმის შემდეგ.
პასუხი შეკითხვაზე
SurveyMonkey-ს მმართველი ზანდერ ლური ამბობს, რომ ის, თუ რამდენად ღიაა კომპანია ახალი იდეებისათვის, დამოკიდებულია მის კულტურაზე. „როდესაც კომპანიაში ცნობისმოყვარეობა არ არის წაქეზებული, ადამიანებს უჭირთ ბიზნეს შეხვედრებზე დასვან შეკითხვები, რადგანაც თვლიან, რომ ამ ყველაფერს მათი ავტორიტეტის შერყევა შეუძლია. თუ თქვენ ორგანიზაციაში ხდება თანამშრომლების დაყოფა „გენიოსებად“ და „ნაკლებად გენიოსებად“, მაშინ რთულია მიიღო კონსტრუქციული შეკითხვები მართვის უფრო დაბალ რგოლზე მყოფი მენეჯერებისაგან. როდესაც ადამიანების ნაწილს მიიჩნევენ, როგორც უფრო ბრწყინვალე გონების პატრონებს, სხვა თანამშრომლებისათვის საკუთარი აზრის გამოთქმა უფრო რთულდება, რადგანაც ეს უკანასკნელნი, მათ ფონზე თავს არასრულფასოვნებად მიიჩნევენ. იმისათვის, რომ კოლექტივში ცნობისმოყვარეობა წავაქეზოთ, კომპანიის ლიდერები უნდა კონცენტრირდნენ, რათა კითხვების დასმის კულტურა გახადონ ორგანიზაციის განუყრელ ნაწილად.“
„რაც შეეხება რობოტებს, რომლებიც ისეთი სისწრაფით ვითარდებიან, რომ სამუშაო ეფექტურობით მალე კაცობრიობას გადაუსწრებენ, ამ შემთხვევაში საჭიროა ჩვენს ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას დავეყრდნოთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს კონკურენცია გავუწიოთ მათ. „მე წარმოვიდგენ, რომ უახლოეს მომავალში, თანამშრომლების შერჩევისას კომპანიები გამოიყენებენ სხვა ტესტებთან ერთად, ერთგვარ ცნობისმოყვარეობის ტესტსაც. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება თანამშრომლის წლიური ეფექტიანობის შესამოწმებლადაც, მის მიხედვით დააწინაურებენ და წაახალისებენ ორგანიზაციის წევრებს, ეს ყველაფერი კი კომპანიას ბევრად უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და შესძენს მას უნიკალურ უპირატესობებს.“ ლური ამბობს, რომ ჩვენ ვერ გადავუსწრებთ რობოტებს სამუშაო ეთიკაში და დეტალებისადმი ყურადღებაში, ასე რომ, ჯობია დავრჩეთ ცნობისმოყვარენი!“