ფრანგული ბრენდი L’Oreal – რთული გზა წარმატებისაკენ

საფრანგეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც მრავალი კომპანია შეიქმნა და რომლებიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებენ. საფრანგეთში სასურველი პოზიციის დაკავება დიდ ძალისხმევასა და საჭირო უნარების გამოვლენას მოითხოვს. სტატიაში მოგიყვებით, ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია L’Oreal-ზე, აგრეთვე იმაზე, თუ როგორ ხდება მმართველი კადრების მომზადება საფრანგეთში და რა გზის გავლა უხდებათ ახალგაზრდებს დასახული მიზნის მისაღწევად. საფრანგეთში არის სკოლები, რომლებიც სახელმწიფო მმართველობის […]

საფრანგეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც მრავალი კომპანია შეიქმნა და რომლებიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებენ. საფრანგეთში სასურველი პოზიციის დაკავება დიდ ძალისხმევასა და საჭირო უნარების გამოვლენას მოითხოვს. სტატიაში მოგიყვებით, ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია L’Oreal-ზე, აგრეთვე იმაზე, თუ როგორ ხდება მმართველი კადრების მომზადება საფრანგეთში და რა გზის გავლა უხდებათ ახალგაზრდებს დასახული მიზნის მისაღწევად.

საფრანგეთში არის სკოლები, რომლებიც სახელმწიფო მმართველობის პროფესიულ მომზადებაზე არიან ორიენტირებულნი. უმაღლესი და საშუალო დონის ბევრი მენეჯერი, ადმინისტრირების ეროვნული სკოლის კურსდამთავრებულია. უნივერსიტეტებისა და უმაღლესი პროფესიული კომერციული სკოლების გარდა კადრების მომზადებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს სპეციალიზებული ცენტრების ფართო ქსელი.

განათლების ფრანგულ სისტემაში არ არსებობს თანაბარი შესაძლებლობები, ვინაიდან ელიტარულ სკოლებში და უნივერსიტეტებში ჩაბარება ყველას არ შეუძლია. ამას მხოლოდ ყველაზე ნიჭიერი და კარგად მომზადებული აბიტურიენტები ახერხებენ, რომლებიც ამავდროულად წარმატებული და შეძლებული ოჯახის შვილები არიან.

ფრანგი მენეჯერის სტატუსი განისაზღვრება არა იმდენად პირადი დამსახურებით, რამდენადაც წარმომავლობით, ასაკით, განათლებით, ორატორული ხელოვნების ფლობითა და სხვა. მენეჯერის სტატუსის მიღება ნიშნავს კარიერული ნახტომის განხორციელებას. ყველაზე პრესტიჟულად ითვლება სახელმწიფო სამსახური, რომელში მოხვედრასაც ყველა ფრანგი ისწრაფვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ სახელმწიფო სექტორის ანაზღაურება გაცილებით მაღალია კერძო ბიზნესში არსებულ ანაზღაურებაზე.

მსხვილი კომპანიების მმართველთა უმრავლესობა თავის კარიერას სახელმწიფო სამსახურში იწყებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა მსხვილი საწარმოს მმართველი. ის ფაქტი, რომ ფრანგული კომპანიების მენეჯერების დიდი ნაწილი ყოფილი სახელმწიფო მოხელეები არიან, სახელმწიფოსა და ბიზნესის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს.         

თუ შევადარებთ ფრანგულ მმართველობით კადრებსა და ბრიტანულ მენეჯერებს, აღმოჩნდება, რომ ეს უკანასკნელნი ადამიანური რესურსების მართვაზე არიან ორიენტირებულნი მაშინ, როდესაც მმართველობითი კადრები ორგანიზაციის სტრატეგიულ და დაგეგმვით როლს ასრულებენ. ამიტომაცაა, რომ საფრანგეთში თანამდებობები, რომლებსაც იკავებენ მმართველობითი კადრები, განსაკუთრებული სტატუსის მატარებლები არიან.

ფრანგულ ორგანიზაციებში საერთო-მმართველობითი პოზიციების დასაკავებლად სამსახურში მიღება და შემდგომი სწავლება ხორციელდება სასწავლო დაწესებულების  პრესტიჟულობისა და გამოსაშვები გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.

საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია L’Oréal ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს სთავაზობს მენეჯმენტის ტრენინგ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს მათ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. ყოველწლიურად თითქმის 650 ახალგაზრდა კურსდამთავრებული უერთდება ამ პროგრამას. კომპანიის ტრენინგ პროგრამა მოიცავს 6-დან 18 თვემდე სწავლებას. L’Oréal საშუალებას აძლევს კურდამთავრებულებს შეიძინონ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ცხოვრებისეული უნარები. გამორჩეული შედეგების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტებს შემდგომ უფრო მნიშვნელოვან თანამდებობაზე აწინაურებენ.

L’Oréal ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც შეიქმნა 1909 წელს, მისი დამფუძნებელი კი ფრანგი ქიმიკოსი  ეჟენ შუელერია. ,,არასოდეს ვიქნები მდიდარი’’- განაცხადა ერთხელ ქიმიკოსმა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

26 წლის, ლაბორანტის თანაშემწე, ეჟენ შუელერის ღარიბულად მოწობილ ბინაში აცრემლებული მეუღლე დახვდა, რომელიც განიცდიდა მის წარუმატებელ სწრაფვას სილამაზისკენ. დახვეული ქერა თმების მაგივრად, მის ატირებულ სახეს ,,თივის კონა’’ ფარავდა. ამის შემდეგ, ქმარი დაჰპირდა მას, რომ მისთვის შექმნიდა საღებავს, რომლის გამოყენების შემდეგაც, მისი მეუღლის თმების ხილვითაც მსოფლიო აღტაცებული დარჩებოდა. მადამ შუელერი ვერც კი ივარაუდებდა, რომ სულ მალე მეუღლისგან საჩუქრად არა მარტო ჯადოსნურ საღებავს, არამედ საკუთარ საძინებელ ოთახში თმის საღებავის მცირე საწარმოსაც მიიღებდა.

ეჟენ შუელერი წარმოშობით ფრანგი გახლდათ, ის 1881 წელს  კონდიტერის ოჯახში დაიბადა. კოლეჯში სწავლის დროს იგი გატაცებული იყო ქიმიით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეჟენი სწავლას აგრძელებს სორბონის უნივერსიტეტში, რომელსაც ამთავრებს 1903 წელს ინჟინერ–ქიმიკოსის დიპლომით. 

1909 წელს საკუთარ ორ ოთახიან ბინაში ეჟენი ქმნის ფრანგულ, თმის უსაფრთხო საღებავების კომპანიას “La Société Française des Teintures Inoffensives”, რომელიც 1939 წელს ღებულობს სახელს  კომპანია ლორეალი (L’Oreal).  დასახელება შედგება ორი ფრანგული სიტყვისგან :  l’or – რომელიც ნიშნავს ოქროს და l’aureole – შარავანდედს. 

1909 წელს ახალგაზრდა მეწარმე ბუღალტერ ეპერნეს შეხვდა, რომელმაც მემკვიდრეობად 25 ათასი ფრანკი მიიღო. მადამ ეპერნე და მისი მეგობრები აღტაცებულნი იყვნენ L’Aureale-ის საღებავის ხარისხით. შუელერი დიდი გატაცებით უამბობდა ეპერნეს ახალი იდეების შესახებ. მან უდიდესი გამბედაობა გამოიჩინა და მოულოდნელად მიღებული სიმდიდრე ერთი შეხედვით უპერსპექტივო საწარმოში დააბანდა.

შუელერმა უპირველეს საქმედ ამ ფირმის გაფართოება მიიჩნია. იგი ლუვრის ქუჩაზე, ოთხოთახიან ბინაში გადავიდა. სავაჭრო აგენტად რუსეთის სამეფო კარის ყოფილი პარიკმახერი დაიქირავა და საკუთარი პროდუქციის რეკლამა აქტიურად დაიწყო.

სწრაფად იზრდებოდა L’Oreal-ის თანამშრომლების რიცხვიც. კომპანიის დაფუძნებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, იხსნება მისი ახალი წარმომადგენლობა იტალიაში. 1914 წელს კი ეჟენის ფირმის სავაჭრო აგენტები მუშაობენ მთელს ევროპაში. კომპანია L’Oreal-ისთვის 1920-იანი წლები აყვავების ხანა იყო. ლუვრის ქუჩაზე, შუელერის ბინაში განთავსებულ კომპანიას ის ფართობი უკვე აღარ ჰყოფნიდა. შუელერმა კლაველის ქუჩაზე თავისი პირველი ქარხანა გახსნა. იქ უკვე 100 ადამიანი მუშაობდა.

ეჟენ შუელერმა თმის საღებავზე აშკარად გაზრდილ მოთხოვნას, 1929 წელს ახალი, ორგანული საღებავ Imedia-ს გამოშვებით უპასუხა. ახალმა პროდუქტმა ბაზარზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. მსგავს საშუალებებს მანამდე ასეთი ბუნებრივი ელფერი არასდროს ჰქონიათ. მოკლედ, ახალმა პროდუქტმა ქალთა გულები ჯერ საფრანგეთში, ხოლო შემდეგ საზღვარგარეთაც დაიპყრო. 1935 წლისათვის კომპანია L’Oreal-ის წარმომადგენლები თავიანთ პროდუქციას იტალიაში, ავსტრიაში, შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში ყიდდნენ და კლიენტების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, 1939 წლიდან კომპანიის ოფიციალური სახელი ხდება L’Oreal, მთავარი ოფისით პარიზში და ლაბორატორიით, რომელშიც იქმნება ახალი კოსმეტიკური საშუალებები. 1939 წლისათვის, სამრეწველო ჯგუფ L’Oreal-ში 1000-ზე მეტი ადამიანი შრომობდა. მათ შორის შუელერის ქალიშვილი – ლილიანიც იყო, რომელიც ზაფხულის არდადეგების დროს, თმის საღებავის შეფუთულ პროდუქციას ეტიკეტებს აწებებდა.

მეორე მსოფლიო ომის და მის შემდეგ პერიოდში კომპანია ლორეალი შეუჩერებლად აგრძელებდა მუშაობას. დანიაში პროდუქციის მიწოდება ველოსიპედების საშუალებით ხდებოდა.

კომპანიის უდიდესი წარმატებით საქმიანობამ ეჟენ შუელერი გამოჩენილ საზოგადო მოღვაწედ გადააქცია. ამ ადამიანმა საკუთარი ბიზნესი ნულიდან დაიწყო და უდიდესი მწვერვალები დაიპყრო.

შუელერმა პროფესიონალური ჟურნალის ,,თქვენი სილამაზე’’ გამოშვება დაიწყო. მასში იგი ერთდროულად მთავარი რედაქტორის, მხატვრისა და მდივნის მოვალეობებს ასრულებდა. ეს ჟურნალი 50 000-იანი ტირაჟით გამოდიოდა.

1950-იან წლებში, ტელევიზიის ამუშავების შემდეგ, აქტიურად განვითარდა რეკლამის ახალი სახეობა. ხელოვნების ჭეშმარიტ ნიმუშად გადაიქცა შუელერის უშუალო მონაწილეობით გადაღებული ზოგიერთი სარეკლამო რგოლი. მათ შორის, 1953 წელს შექმნილმა რეკლამამ ,,ოსკარის’’ პრემიაც კი დაიმსახურა. იმავე წელს, გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე, ეჟენ შუელერმა ამერიკაში კომპანია L’Oreal -ის პირველი ფილიალი გახსნა.

1957 წელს, ეჟენ შუელერის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიის მმართველი ხდება ფრანსუა დალი. მისი ხელმძღვანელობით კომპანია საგრძნობლად ვითარდება კვლევითი მიმართულებით. ამავე დროს L’Oreal-ის კომპანიის მიერ  ახალი ბრენდების შესყიდვა  და ახალ მიმართულებზე მუშაობა ხორციელდება. L’Oreal-ის სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიაში იწყება სახის კანის მოვლის საშუალებების, დეკორატიული კოსმეტიკის და პარფიუმერიის შექმნა.

1970-იან წლებში ამ კომპანიამ შემოიერთა ცნობილი ფირმები, როგორებიცაა Biotherm, Laboratoires Vichy, ფარმაცევტული ცენტრი Synthelabo, სავაჭრო ნიშანი Gemey.

1974 წელს პარტნიორობის ხელშეკრულება ფორმდება კომპანია ნესთლესთან (Nestle), რომლის მიხედვითაც ეჟენ შუელერის ქალიშვილი ლილიან ბეტტანკური გახდა  51%-ის, ხოლო კომპანია ნესთლე (Nestle) – 49% –ის მფლობელი.

ამჟამად კომპანია ლორეალის 27,5% წილის მფლობელია ქალბატონი ბეტტანკური, 26,4% წილის კომპანია ნესთლე (Nestle), ხოლო დანარჩენი წილი ეკუთვნით კერძო პირებს და ფონდებს. ლილიან ბეტტანკური მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის იყო.

2005 წელს პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ბრენდმა L’Oreal-მა მამაკაცთა აუდიტორიასაც მიაქცია ყურადღება, გამოუშვა მათთვის განკუთვნილი პროდუქცია.

2006 წლიდან კომპანია L’Oreal-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორია ჟან პოლ აგონი, რომელმაც ამ ფირმაში 30 წელიწადზე მეტი ხნის გამოცდილება დააგროვა.

სამრეწველო ბიზნეს-ჯგუფ L’Oreal-ის მიერ გამოშვებული პროდუქცია მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამ სამრეწველო ბიზნეს-ჯგუფში 98 ეროვნების 65 ათასი თანამშრომელი საქმიანობს. მათ შორის 3 ათასზე მეტი მკვლევარია. გახსნილია და წარმატებით ფუნქციონირებს 18 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მედიცინის, ტოკსიკოლოგიის, ფარმაცევტიკის, ნანოტექნოლოგიების მი-მართულებით მუშაობენ.

დღესდღეობით, ბიზნეს-ჯგუფი L’Oreal 25 უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ნიშნის მფლობელია, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და ცხოვრების სხვადასხვა სტილს შეესაბამებიან. კომპანიას გააჩნია სილამაზის სფროში მუშაობის საუკუნოვანი გამოცდილება. კოსმეტიკური ბაზრის მსოფლიო, კოსმეტიკური ბიზნესისა და სამეცნიერო კვლევების აღიარებული ლიდერი. L’Oreal Group-ს უმსხვილეს ბაზრებზე ევროპაში, იაპონიაში, ამერიკაში მყარი პოზიცია უკავია. მის ასორტიმენტში ორი ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაა. დღეს კომპანია ლორეალი კოსმეტიკურ ბაზარზე მუშაობს ოთხი მიმართულებით: თმის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა, კანის მოვლის საშუალებები და პარფიუმერია. L’Oréal Group –ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა L’Oreal Paris, Garnier, Maybelline, L’Oréal Professionnel, Redken, Lancôme, Biotherm, Parfums Giorgio Armani, Cacharel, Ralph Lauren, Helena Rubinstein, Vichy.  

ეს ფირმა არის ერთადერთი კოსმეტიკური ბიზნეს-ჯგუფი, რომელიც გაყიდვების ყველა არხებს – პროფესიონალ სტილისტებს, პარფიუმერიულ მაღაზიებს, სუპერმარკეტებს, აფთიაქებს, საფოსტო კატალოგებსა და ინტერნეტს წარმატებით იყენებს.

მსგავსი სიახლეები

Archived

fusaichi pegasus for sale, can cps remove a child because of bed bugs, discontinued lance crackers, metaphors to describe a bedroom, messina port to the holy land, ano ang rehiyon ng banaue rice terraces, psilocybe ovoideocystidiata potency, hell house llc what...

Genova Diagnostics მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,მომავლის ლაბორატორია". ის წამყვან პოზიციაზეა სისტემაზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რომელიც ეხმარება ექიმებს პაციენტების პერსონალიზებულ მკურნალობაში და რაც მთავარია, ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების პრევენციაში....

ონლაინ კონფერენცია: ხარისხის მართვა ჯანდაცვის სექტორში

MCI Group და IMS ბრიტანელ და ფრანგ პარტნიორ კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ კონფერენციას კლინიკებში ხარისხის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში ბრიტანული კომპანიების, BSI-ისა და Intertek-ის წარმომადგენელი, ასევე...